English / ქართული / русский /
მარია ზუბიაშვილინინო მღვდელაძე
საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების მართვის შეფასების პრობლემები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების შეფასების და მართვის თავისებურებები. გამოყოფილია ეკონოკიკური უსაფრთხოების დონის ამსახველი ძირითადი მაჩვენებლები. წარმოდგენილია საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების დონის ამაღლების რეკომენდაციები. 

* * * 

გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში ეკონომიკური უსაფრთხოების როლი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა აუცილებელი გახადა აღნიშნულ სფეროში მოწესრიგებული სისტემის ფორმირება, რომლითაც შესაძლებელი იქნება ბიზნესის და მთლიანად ეკონომიკის განვითარება ეფექტური მეთოდებით. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხი ეხება არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ეკონომიკის ყოველ ცალკეულ სუბიექტს, რამდენადაც გარე სფეროს ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი კრიზისული გამოვლინებები.

საწარმოს განვითარების ეფექტური სტრუქტურის შერჩევისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საინფორმაციო ბაზა, რომლის საფუძველზეც ტარდება საწარმოს შესაძლებლობების და გარე სფეროს საფრთხეების ანალიზი და შეფასება. ამგვარი ინფორმაცია აკუმულირდება საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების მართვის და შეფასების სხვადასხვა მეთოდების, ასევე განვითარების შესაბამისი მოდელების გამოყენების ფარგლებში [4].

საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების მართვის მეთოდების გამოყენების პროცესში, მიღებული ინფორმაცია სრულად უნდა ასახავდეს საწარმოს სხვადასხვა სეგმენტების მიხედვით საქმიანობის ფაქტიურ ფინანსურ მდგომარეობას, რომელიც ინფორმაციის მომხმარებლის ყველა საინფორმაციო მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. ესე იგი, უნდა იყოს „გამჭვირვალე“, სრული და უტყუარი სახელმწიფოსათვის, აქციონერებისათვის, ინვესტორებისათვის და მენეჯერებისათვის. საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების მართვის თანამედროვე მოდელების გამოყენებით შესაძლებელია გამოვავლინოთ და აღმოვფხვრათ საწარმოს საფინანსო საქმიანობაში ნაკლოვანებები და მოინახოს კომპანიის ღირებულების ზრდის რეზერვები [3].

საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების ანალიზისათვის და მდგომარეობის გამოვლენისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს ბუღალტრული ანგარიშგება. ანგარიშგება და ბუღალტრულ ბალანსთან განმარტებები ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა და ბუღალტრული ანგარიშგების მომხმარებლებისათვის ეკონომიკური უსაფრთხოების ასპექტში გამოყენების ობიექტს წარმოადგენს.

კვლევის ობიექტად შერჩეულია სს „ქართული ლუდის კომპანია“. კომპანია მოგების მიღების მიზნით  შექმნილი კომერციულო ორგანიზაციაა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სახეა უალკოჰოლო სასმელების წარმოება.  საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების შეფასებისათვის შერჩეულ იქნა შემდეგი მაჩვენებლები:

  • · საწარმოს ძირითადი საშუალებების გამოყენების ეფექტურობის მაჩვენებლები;
  • · მატერიალური რესურსების გამოყენების ეფექტურობის მაჩვენებლები;
  • · შრომითი რესურსების გამოყენების ეფექტურობის მაჩვენებლები;
  • · შრომითი რესურსების უზრუნველყოფის ეფექტურობის მაჩვენებლები;
  • · ლიკვიდურობის მაჩვენებლები;
  • · ფინანსური მდგრადობის მაჩვენებლები;
  • · საწარმოს რენტაბელობის მაჩვენებლები.

მაჩვენებელთა ყველაზე მნიშვნელოვან ჯგუფს მიეკუთვნება ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ბოლო სამი. უფრო დეტალურად განვიხილოთ გაანგარიშებით მიღებული შედეგები.

ლიკვიდურობის მაჩვენებელთა ანალიზისათვის შევადგინეთ ცხრილი 1.

მოცემული მაჩვენებლების გაანგარიშების მონაცემებისა და ზოგადმიღებული ნორმების საფუძველზე, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ უარყოფითი გადახრა აღინიშნება მხოლოდ აბსოლუტური ლიკვიდურობის კოეფიციენტის მიმართ 2019 წელს, ე.ი. ამ პერიოდში კომპანიამ მის ხელთ არსებული ფულადი თანხებით ვერ მოახერხა მიმდინარე ვალდებულებების დაფარვა.

                                                                              ცხრილი 1

სს „ქართული ლუდის კომპანია“-ს ლიკვიდურობის მაჩვენებლები 

მაჩვენებლები

2018 წ.

2019 წ.

2020 წ.

ნორმატიული

მნიშვნელობა

მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტი

1,2

1,7

2,2

1-დან 2-მდე

სწრაფი ლიკვიდურობის კოეფიციენტი

1,3

1,0

1,0

1-დან 1,5-მდე

აბსოლუტური ლიკვიდურობის კოეფიციენტი

0.42

0,03

0,4

>0,2

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ამ მაჩვენებელთა დინამიკა 2018-2020 წლებში, რომელიც ხასიათდება თავისი არაერთმნიშვნელობით. მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტი, რომელიც განსაზღვრავს მოკლევადიანი ვალდებულებების დაფარვის შესაძლებლობას საბრუნავი აქტივებით, იმყოფება ნორმის ფარგლებში, და უფრო მეტიც, მას აქვს ზრდის ტენდენცია. თავის მხრივ, სწრაფი ლიკვიდურობის კოეფიციენტი რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებშია, თუმცა 2019 წლიდან წინა წელთან შედარებით კლების ტენდენციით ხასიათდება. მოცემული მაჩვენებლების ცვლილებები შეიძლება აიხსნას მარაგების ზრდით, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის აქტივების ლიკვიდურობას.

სწრაფი ლიკვიდურობის კოეფიციენტი გვიჩვენებს შედარებით სტაბილურ სიდიდეს, რომელიც ჯდება ნორმის ფარგლებში. ლიკვიდურობის კოეფიციენტები მჭიდრო კავშირში არიან ფინანსური მდგრადობის კოეფიციენტებთან და განსაზღვრავენ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას.

ცხრილი 2  გვიხასიათებს საწარმოს ფინანსური მდგრადობის მაჩვენებლებს.

ავტონომიის კოეფიციენტის განხილვისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ იგი დინამიკაში შემცირებულია. ასეთი უარყოფითი ფაქტი აიხსნება კომპანიის ბალანსში საკუთარი სახსრების წილის შემცირებით 2018 წელთან შედარებით. ამის მიზეზად შეიძლება დასახელდეს მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანების ზრდა.                                                                                                    ცხრილი 2 

სს „ქართული ლუდის კომპანია“-ს ფინანსური მდგრადობის მაჩვენებლები 

მაჩებლები

2018 წ.

2019 წ.

2020 წ.

გადახრა

2019 წ.

2018წ.-თან

2020 წ.

2019 წ-თან.

ავტონომიის კოეფიციენტი

0,51

0,48

0,43

-0,03

-0,05

ფინანსური მდგრადობის კოეფიციენტი

0,85

0,87

0,85

+0,02

-0,02

კაპიტალიზაციის კოეფიციენტი

0,40

0,42

0,40

+0,02

-0,02

მანევრირების კოეფიციენტი

0,34

0,30

0,29

-0,04

-0,01

რაც შეეხება ფინანსური მდგრადობის კოეფიციენტს, იგი ნორმის ფარგლებშია, თუმცა 2020 წელს წინა წელთან შედარებით შემცირდა 0,02 ერთეულით. ასეთი ტენდენცია თუ გაგრძელდა, კომპანია სულ უფრო დამოკიდებული გახდება კრედიტორებზე. ასეთი უარყოფითი ტენდებცია რომ შეჩერდეს, კომპანიამ საჭიროა გაატაროს ფინანსური გაჯანსაღების ღონისძიებები, როგორებიცაა: შეამციროს საკრედიტო სახსრები, გაზარდოს საკუთარი კაპიტალი დებიტორული დავალიანების ლიკვიდაციის გზით. უარყოფითი დინამიკით გამოირჩევა მანევრირების კოეფიციენტი. აღნიშნული მაჩვენებელი 2018-2020 წლებში ნორმის ნახევარსაც (ნორმა 0:1) კი არ შეადგენს, ეს ნიშნავს, რომ კომპანიის საკუთარ საბრუნავ სახსრებში თავისუფალი ფულადი სახსრები მხოლოდ მესამედს შეადგენს, რაც უდავოდ არ არის კარგი მაჩვენებელი.

მოგების ცვლილებამ განაპირობა რენტაბელობის მაჩვენებლების ცვლილება (ცხრილი 3).

კომპანიის საერთო რენტაბელობა 2020 წელს 2018 წელთან შედარებით შემცირდა 0,02%-ით, ე.ი.  ამ პერიოდში კომპანიის საწარმოო ფონდების ყოველ ერთ ლარზე მოდის 0,06 ლარი, რაც 2018 წელთან შედარებით 0,02 ლარით ნაკლებია.

                                                                                                                  ცხრილი 3

კომპანიის რენტაბელობის მაჩვენებლები 

მაჩვენებლები

2018 წ.

2019 წ.

2020 წ.

გადახრა

2019 წ.

2018 წ.-თან

2020 წ.

2019 წ.-თან

საწარმოო ფონდების საერთო რენტაბელობა (წმინდა მოგების შეფარდება ძირითად ფონდებთან და საბრუნავ საშუალებებთან), %

 

 

0,08

 

 

0,05

 

 

0,06

 

 

-0,03

 

 

+0,01

გაყიდვების რენტაბელობა (რეალიზაციიდან მოგების შეფარდება ამონაგებთან), %

 

1,34

 

0,97

 

0,92

 

-0,37

 

-0,05

პროდუქციის წარმოების რენტაბელობა (რეალიზაციიდან მოგების შეფარდება სრულ თვითღირებულებასთან), %

 

0,77

 

0,73

 

0,70

 

-0,04

 

-0,03

ამასთან ერთად, გაყიდვების რენტაბელობა და პროდუქციის წარმოების რენტაბელობა 2018-2020 წლების პერიოდში შემცირების ტენდენციით ხასიათდებიან, რაც ადასტურებს მოგების შემცირებას მაჩვენებელთა ცვლილებების სტრუქტურაში.

ამგვარად, სს „ქართული ლუდის კომპანია“-ს ეკონომიკური უსაფრთხოების გამოყოფილი მაჩვენებლებისა და ანალიზის შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების სახით შეიძლება განისაზღვროს დაბალანსებული მაჩვენებელთა სისტემის პროექტის შემუშავება. აღნიშნული პროექტის შემუშავება უპრიანია ისეთ პირობებში, რომელშიც იმყოფება ორგანიზაცია მოცემულ მომენტში, რამდენადაც სწორედ ეს სისტემა გულისხმობს საწარმოს მიმდინარე საქმიანობის დეტალურად და ყოველმხრივად შესწავლას და მათი გადაჭრის გზებს ბიზნეს-დაგეგმვის ფარგლებში.

დაბალანსებული მაჩვენებლების სისტემის პროექტის შემუშავების დროს აუცილებელია გვახსოვდეს ფაქტორთა თითოეული ჯგუფის მნიშვნელობა, ასევე გავითვალისწინოთ კომპანიის ფაქტიური მონაცემები, რათა არსებულ სიტუაციაში სწორედ გამოვავლინოთ მნიშვნელოვანი მაჩვენებლები.

საწარმოს განვითარების სტრატეგიის ფორმირებისას, მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა, რომლითაც შესაძლებელია საქმიანობის ყველა ასპექტის გათვალისწინება, რაც გამორიცხავს დისბალანს [2].

ამგვარად, გამოკვლეული საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების ამაღლების გზებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

-  მოკლევადიან მიზნებთან ერთად შემუშავდეს გრძელვადიანი მიზნები, მათი კონკრეტიზაციის ჩვენებით;

-  განვითარების „საგზაო გეზის“ ფორმირება, შიდა და გარე ფაქტორების გავლენის გათვალისწინებით;

-  მისაღწევი შედეგების კონტროლის მიზნით ზღვრული მნიშვნელობების განსაზღვრა;

-  მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების რეალიზაციაში მიზნებსა და დადგენილ ბიუჯეტებს შორის ბალანსის მიღწევა.

ამგვარად, საწარმოს ეკონომიკური დაცვის ამაღლების კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებისას აუცილებელია დავეყრდნოთ პრაქტიკაში გამოყენებულ მეთოდებს, საწარმოს ეკონომიკური, რესურსული, ტექნოლოგიური და სხვა შემადგენელი ნაწილების გათვალისწინებით. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. თეთრუაშვილი ზ., თეთრუაშვილი მ., საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფინანსურ-ეკონომიკური ფაქტორები და მისი რეგულირების მექანიზმები საბაზრო ურთიერთობების ფორმირების პირობებში, თბ. 2006, გვ. 273;
  2. ოთინაშვილი რ., საქართველოს ეკონომიკის უსაფრთხოების ზოგიერთი თავისებურებები., საბაზრო ეკონომიკის ფორმირების და ფუნქციონირების პრობლემები საქართველოში, შრომების კრებული, V ტომი, თბ. 2000, გვ. 122;
  3. Одинцева Н.А. Особенности экономической безопасности субъектов хозяйствования. Вестник Таганского института управления и экономики, 2019 №1(29), с. 31-35;
  4. Белкин Д.В. Способы обеспечения экономической безопасности предприятия. Вестник Московского университета МВД Россия, 2018, №4, с. 236-239.